2018 წლის თბილისი – გერმანელი ფოტოგრაფის ობიექტივიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მოწყობილ საქართველოს პავილიონში, თბილისში, 2018 წელს გადაღებული ფოტოებით შექმნილი და ცნობილ გერმანულ გამოცემა Prestel Publishing-თან თანამშრომლობით, მიუნხენში გამოცემული ალბომის – City Book Tbilisi-ის წარდგინება გაიმართა.

ფოტოების ავტორია Magnum Photos ფოტოგრაფი მარტინ პარი. მისი ნამუშევრები თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, Magnum Photos პრეზიდენტთან, პროექტის ხელმძღვანელთან და მწერალ აკა მორჩილაძესთან ერთად წარადგინა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, პროექტი მათი მხარდაჭერით განხორციელდა, Magnum Photos, „თი ბი სი ბანკის“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და „საქართველოს ავიახაზების“ თანამონაწილეობით.

ფრანკფურტში გუშინ, 10 ოქტომბერს გაიხსნა ექსპოზიცია “თბილისი მაგნუმის წიგნებში”, რომელზეც 1947-2018 წლებში, 9 უცხოელი ფოტოგრაფის მიერ თბილისში გადაღებული 23 ფოტო იყო წარმოდგენილი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო წელს, საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ბაზრობა 9 ოქტომბერს გაიხსნა და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 100-მდე ქვეყნის 7000-ზე მეტ მონაწილეს ეძლევა საშუალება შეხვდნენ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებს, დაამყარონ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები.

მსგავსი თემები