თბილისში ფიჭვები ხმება – 26 ათასი ხის მოჭრა სასწრაფოდ აუცილებელია  

თბილისის მერიამ ელდარის ფიჭვისა და შავი ფიჭვის ხმობის საპრევენციო ღონისძიებების ჩატარება დაიწყო.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი აცხადებს, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ამ მცენარეების ხმობამ მასობრივი სახე მიიღო. წელს დაიწყო მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც გამოიხატება სანიტარიულ ჭრებში, რაც მიზნად ისახავს დაავადების გავრცელების პრევენციას.

“ყველა იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ხეები მოიჭრა, აღდგენით ღონისძიებებს ვატარებთ და ახალ ნერგებს ვრგავთ, რომლებიც უფრო გამძლე და მედეგია დედაქალაქში არსებული კლიმატური პირობებისთვის. აღნიშნულ ღონისძიებებს მასშტაბური ხასიათი აქვს და მომავალ წელსაც გაგრძელდება. სამუშაოები მოიცავს როგორც ცენტრალურ უბნებს, ისე შემოგარენს. უკვე აღწერილია, დაახლოებით, 26 ათასი ხე-მცენარე, რომლის მოჭრა აუცილებელი და სასწრაფოა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ“, – განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

დაავადებული და ზეხმელი ფიჭვის ხეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე ფერდობზეც მოიჭრა. გიგა გიგაშვილის განცხადებით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეები დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაავადებული ხეების ნაცვლად, ახალ ნერგებს დარგავს. მიმდინარე წელს, დედაქალაქში დაირგო 7 ათასამდე ხე, რომლითაც ერთი მხრივ, არსებული მწვანე საფარი განახლდა და მეორე მხრივ, დაავადების გამო მოჭრილი ხეები ჩანაცვლდა.

მსგავსი თემები