რატომ არიდებენ თავს თბილისში მოძრავი მიკროავტობუსები ​ტექდათვალიერებას – აუდიტის მწვავე კვლევა

თბილისის უმეტეს ნაწილში შეუძლებელია ახალი ავტობუსების დანიშვნა, ძველები კი ტექნიკურად გაუმართავია – აუდიტის სამსახური მერიას კონტროლის მექანიზმის გამკაცრებას ურჩევს 


სახელმწიფო აუდიტის სამსახური,​ მიკროავტობუსებისა და მცირე ზომის ავტობუსების ტექნიკური ინსპექტირების გავლაზე მონიტორინგის გამკაცრებას მოითხოვს.

მათი ინფორმაციით, თბილისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის უმეტესობა მოძველებულია, გაუმართავი აქვთ გამონაბოლქვი სისტემა, აღდგენას აღარ ექვემდებარება მათი ძრავის შიდა წვის სისტემა, ხოლო შეცვლა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ისინი არ აკმაყოფილებენ საკანონმდებლო ნორმებს ეკოლოგიური თვალსაზრისით.

აუდიტის შეფასებით, მიკროავტობუსები ტექდათვალიერებას იმ მიზეზით არ გადიან, რომ მერიის მხრიდან კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და დარღვევებზე კი საპატრულო პოლიციის რეაგირების მაჩვენებელი დაბალია.

როგორც ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი თორნიკე შერმადინი აცხადებს, თბილისის რელიეფისა და ქუჩების სივიწროვის გათვალისწინებით, ახალი ავტობუსების გამოყენება, მათი დიდი გაბარიტებიდან გამომდინარე, ქალაქის უმეტეს ნაწილში შეუძლებელია, შესაბამისად, ასეთ მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანის ერთადერთი საშუალება მიკროავტობუსები და შედარებით მცირე ზომის ავტობუსებია (BOGDAN), რომლებიც ვერ გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას.

​მისივე ინფორმაციით, ავტობუსების საშუალო ასაკი 12 წელზე მეტია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ნაკლებობამ განაპირობა მათი მდგომარეობის გაუარესება. იმის გამო, რომ არ შეფერხდეს მგზავრთა გადაადგილება, სატრანსპორტო კომპანია მაინც უშვებს ხაზზე ისეთ ავტობუსებს, რომლებსაც მოუწესრიგებელი აქვთ გამონაბოლქვის სისტემა.

რაც შეეხება სავალდებულო ტექდათვალიერებისგან თავის არიდებას, აუდიტის ინფორმაციით, ტრანსპორტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი და აკრედიტაციის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაცია ტექდათვალიერების შესახებ, ერთმანეთს არ ემთხვევა.

გარდა ამისა, სატრანსპორტო სამსახურს არ გააჩნია კონტროლის მექანიზმი მიკროავტობუსების ინსპექტირების შედეგებზე.

“მიკროავტობუსების ნაწილის გამოუცხადებლობა ინსპექტირების ცენტრებში გამოწვეულია, როგორც მერიის მხრიდან კონტროლის მექანიზმების არარსებობით, ასევე დარღვევებზე საპატრულო პოლიციის რეაგირების დაბალი მაჩვენებლით“ – აცხადებენ აუდიტში და კონტროლის გამკაცრების რეკომენდაციას იძლევიან. კერძოდ: „თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მათი ხედვა და ვადებში გაწერილი კონკრეტულად გასატარებელი ღონისძიებები ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და განახლების მიმართულებით, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატიული ტრანსპორტის დანერგვის კუთხით; გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათ მიერ ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე“ – აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

მსგავსი თემები