თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებს, სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ – “სოციალ-დემოკრატების” განცხადება  

 

2018 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებს, სამუშაო დროს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეეზღუდათ.

იმავე დროს, სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია გაფიცვის უფლებით სარგებლობის მნიშვნელობა და ნათქვამია, რომ მემანქანეებს შეუძლიათ გაფიცვის უფლებით ისარგებლონ არასამუშაო საათებში, რაც, “სოციალ-დემოკრატების” აზრით, სრულიად ეწინააღმდეგება გაფიცვის შინაარსს, რადგან წარმოუდგენელია გაფიცვის უფლებით სარგებლობა არასამუშაო საათებში.

მათივე განმარტებით, საქარველოს კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.

“სამწუხაროა, რომ სასამართლომ მიიღო ძალიან საშიში და სავალალო გადაწყვეტილება, რითაც მემანქანეებს შეუზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით მინიჭებული ფუნდამენტური უფლება – გაფიცვის უფლება. ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემაში შრომითი უფლებების მიმართ არსებობს ზედაპირული დამოკიდებულება. ამასთან ვლინდება მოსამართლეების არასაკმარისი კომპეტენცია შრომითი ურთიერთობების თვალსაზრისით. იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ შექმნის პრეცედენტს, რომლითაც სამომავლოდ მშრომელებს შეეზღუდებათ გაფიცვის უფლების გამოყენება, რაც წარმოადგენს მათი უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს იარაღს” , –  აცხადებენ პოლიტიკური პარტია “სოციალ-დემოკრატების” წევრები.

​აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გუშინ, 22 მაისს, მეტროსადგურ „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და 3 ივნისისთვის გაფიცვა დააანონსეს. ისინი შრომის ღირსეული პირობების შექმნასა და ხელფასების მომატებას მოითხოვენ.
​როგორც მეტროპოლიტენის მემანქანეები აცხადებენ, მათი პროფესია მავნე პროფესიათა კატეგორიას განეკუთვნება და ყველაზე სახიფათო პროფესიების ათეულში შედის. მემანქანეები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობენ – ვიბრაცია, მხედველობის პრობლემები, ჰაერის დაბინძურება, გულსისხლძარღვთა დაავადებები.

მემანქანეთა 60%-ზე მეტი საპენსიო ასაკს ვერ აღწევს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები