თბილისი მერია 9 679 520 ლარის ღირებულების სამუშაოებს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი „მშრალი ხიდისა“ და „ზაარბრიუკენის ხიდის“, ასევე, „9 მარტისა“ და „დედაენის ბაღების“ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის ფარგლებში, ამ ბაღებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბიც მოეწყობა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, რეაბილიტირებულ არეალში კეთილმოეწყობა მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველებური ნივთებით ვაჭრობის სივრცეებიც, რის შედეგადაც მოგვარდება მრავალწლიანი პრობლემები, რომელიც დისკომფორტს ქმნის თვითდასაქმებულებისთვის, ადგილობრივი მომხმარებლებისა და ტურისტებისთვის.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის – მშრალი ხიდისა და მიმდებარე არეალის ადაპტაციას დედაქალაქის სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებთან“ – აცხადებენ მერიაში.

პროექტის საერთო ღირებულება 9 679 520 ლარს შეადგენს და ის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

მსგავსი თემები