თბილისსა და მარნეულში რამდენიმე ნარკორეალიზატორი დააკავეს

თბილისში, კერძოდ ვარკეთილში, ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე ახალგაზრდა გოგონა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. დაკავებულის ჩხრეკისას დიდი ოდენობით ე.წ. ბიო ამოიღეს. გოგონა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ნარკოტიკების რეალიზაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და ამოღებულ ნარკოტიკებსა და დაკავებულებზე ისაუბრა.

როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მარნეულსა და ფონიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე, ქართველი სამართალდამცველები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჯ.ე.-ს დაკავების მიზნით, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ამ პერიოდში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც, პოლიციამ ჯ.ე. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი „ექსტაზის” 393 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, 1980 წელის დაბადებული ვ.ვ. ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი”.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობენ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები