თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის 37-ჯერ ნაკლები შემცველობა ფიქსირდება – ნოე მეგრელიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსი ნოე მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა არ მოიხმარს ტყვიის შემცველ ბენზინს და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, საქართველოს დიდ ქალაქებში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში ჩატარებული ბოლო კვლევების თანახმად, ჰაერში ტყვიის 37 -ჯერ ნაკლები შემცველობა დაფიქსირდა, ვიდრე არის ევროპული ნორმა.

როგორც ნოე მეგრელიშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ატმოსფერული ჰაერის მთავარი დაბინძურების წყარო დღეს არის მტვერი და აზოტის დიოქსიდი. რაც შეეხება სუნელებში ტყვიის აღმოჩენას, ის შესაძლოა მოხვედრილიყო ხელოვნური საღებავებიდან და არა ატმოსფეროდან.

“ჰაერის კუთხით ვსაუბრობ ლაბორატორიულ კვლევებზე დაყრდნობით. გარემოს ეროვნული სააგენტო ატარებს მუდმივ მონიტორინგს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კუთხით, კვლევა ტარდება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ჩვენს ქალაქებში ფიქსირდება ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი, მაგალითად თბილისში, 2017 წელს ევროპულ ნორმაზე 37 -ჯერ ნაკლები შემცველობის ტყვიის კონცენტრაცია დაფიქსირდა ატმოსფერულ ჰაერში. ​ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მოხვედრის უმთავრესი წყარო სავარაუდოდ შეიძლება იყოს ტყვიაშემცველი ბენზინი, რომლის შემოტანა ქვეყანაში 2005 წლიდან აკრძალულია”, – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

მისივე ინფორმაციით,​ 2016 წელს სახელმწიფომ აღადგინა საწვავზე სახელმწიფო კონტროლი. საწვავი კონტროლდება საცალო რეალიზაციის პუნქტებში ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე. აღებული სინჯები იგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიებში. გარდა ამისა, საზღვარზე მოწმდება საწვავი, ძირითადად დოკუმენტალურად, რომ ქვეყანაში არ დაიშვას იმაზე დაბალი ხარისხის საწვავი, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობით არის განსაზღვრული.

“ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ​სავარაუდო წყაროებიდან ერთადერთი დარეგულირებული სფერო  არის სწორედ ბენზინის ხარისხი. პირველ რიგში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და საწვავის ხარისხის მონიტორინგის შედეგები არ გვაძლევს იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ტყვიით მოწამვლა ხდება ატმოსფერული ჰაერიდან. 2017 წლიდან ქვეყანაში მოიხმარება “ევრო-5”-ის სტანდარტის ბენზინი, ეროვნული სტანდარტი გაიზარდა, მაშინ, როდესაც დიზელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ მაჩვენებელს, ვიმედოვნებთ, რომ დაჩქარებული ტემპებით დიზელიც გაუტოლდება “ევრო-5″- ს”, – აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

მსგავსი თემები