თბილისის 6 ქუჩას, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება

თბილისში ქუჩებისთვის 9 აპრილს დაღუპულთა სახელების მინიჭების თაობაზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ  იმსჯელა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირა ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბანში, 6 ქუჩისთვის, 9 აპრილს დაღუპული 6 ქალის სახელის მინიჭების გადაწყვეტილებას.

თბილისის 6 ქუჩას მზია ჯინჭარაძეს, თამუნა დოლიძეს, თინა ენუქიძეს, მანანა ლოლაძეს, ელისო ჭიპაშვილის და თამარ მამულაშვილის სახელები მიენიჭება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის საკრებულოში განუცხადეს, 9 აპრილის ღამით, 21 დაღუპულიდან ოთხი მათგანის სახელობის ქუჩა თბილისში უკვე არსებობს.  მომავალ წელს  კიდევ 6 დაღუპულის სახელი მიენიჭება თბილისის ქუჩებს. დარჩენილი 5 დაღუპულის შემთხვევაში, ვინაიდან ისინი რეგიონებიდან არიან, თბილისის საკრებულო იშუამდგომლებს ადგილობრივ საკრებულოებთან, რომ მათი სახელდება მოხდეს საცხოვრებელი ტერიტორიების მიხედვით.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ქუჩისთვის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელის მინიჭების თაობაზე თბილისის საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას 2-3 კვირაში მიიღებს.

„სახელდება უკვე მინიჭებული აქვს ექვს ქუჩას, ხოლო შემდეგ დანარჩენი ქუჩები იქნება სახელდებული. კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენ პროცედურების გავლის შემდგომ, დაახლოებით ორ-სამ კვირაში გვექნება საშუალება, რომ საკრებულოს სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

განხილვას კომისიის წევრებთან ერთად, 9 აპრილის მსხვერპლთა ოჯახის წევრები, 1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში, მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას დაღუპულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

მსგავსი თემები