თბილისის 10 ქუჩას ცნობილი მსახიობების სახელს დაარქმევენ

ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მიღება გამართა, რომელსაც ქართული კინოს მსახიობები, რეჟისორები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის 10 ქუჩისთვის ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელების დარქმევასთან დაკავშირებული ინიციატივა გააჟღერა.

მისი თქმით, საკრებულოს ინიციატივით, თბილისის ქუჩებს ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის და იაკობ ტრიპოლსკის სახელები მიენიჭებათ. როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, ის ადამიანები, რომლებმაც ქართული კინო განუმეორებელ მოვლენად აქციეს ნამდვილად იმსახურებენ, რომ დედაქალაქში მათი სახელობის ქუჩები არსებობდეს.

მსგავსი თემები