თბილისის “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პირველი პროექტი მზადაა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ​ ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პირველი პროექტი მზად არის. ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მცხოვრებლების გადაყვანაზე.

თბილისის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე 30 205 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და კერძო სექტორს იწვევს.

ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს.

“ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ უკვე მოლაპარაკებები ამ ოჯახებთან, და მათ ექნებათ რეალურად შესაძლებლობა იმის, რომ ახალი საცხოვრებელი ფართები მიიღონ ამ კონკრეტულ ლოკაციაზე. 170 ოჯახზეა პირველ ეტაპზე საუბარი, თუმცა, ეს არ არის ერთჯერადი პროექტი, ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ ე.წ.ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი და ძალიან მიხარია რომ დაიწყო ამ პროექტის განხორციელება და პროცესი დაწყებულია”, – აცხადებს თბილისის მერი.  

მსგავსი თემები