თბილისის ძველ ზოოპარკში, რეგიონში პირველი კვლევითი ლაბორატორია იქმნება

თბილისის ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე, ჰოლანდიურ მხარესთან თანამშრომლობით, სამეცნიერო კვლევებისთვის ლაბორატორია შეიქმნება. ეს იქნება ვეტერინალურ – პათანატომიური ლაბორატორია, რომელიც აუცილებელია ზოოპარკის ცხოველების ჯანმრთელობის მონიტორინგისა და კონსერვაციისთვის.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ლაბორატორიის შექმნაში ქართულ მხარეს, ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ალექსი ბაიდოშვილი ეხმარება. ლაბორატორიის მოწყობა შარშან დაიწყეს, ის ნაწილობრივ მზად არის და მისი გახსნა მაისში იგეგმება.  

“ალექსი ბაიდოშვილი პროფესიით პათანატომია. მოღვაწეობს ჰოლანდიაში და ძალიან გვეხმარება ამ ლაბორატორიის აწყობაში. თბილისის ზოოპარკის სამეცნიერო მუშაობა არა მხოლოდ მკვდარი ცხოველების გაკვეთას, არამედ ბიოლოგიურ კვლევებსაც ითვალისწინებს. მსგავსი ლაბორატორია არა მარტო საქართველოში, უახლოეს რეგიონშიც კი პირველია”, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

მისივე თქმით, თბილისის ზოოპარკი აქტიურად თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების, ერევნისა და ბაქოს ზოოპარკებთან. მათგანა ელოდებიან ცხოველების იმ სახეობებს, რომლებიც ერთი მხრივ კავკასიისთვის არის დამახასიათებელი, მეორე მხრივ – საქართველოში გადაშენების პირას არიან.

“ასევე ურთიერთობა გვაქვს თურქეთის, არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და შუა აზიის ზოოპარკებთან”, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე. 

მსგავსი თემები