თბილისის ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2 მლნ-ზე მეტი დაიხარჯა

თბილისის საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დასრულდა, რაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 077 777 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.

​პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და LED განათების ქსელი მოეწყო, რომელიც ელექტროენერგიას 60-70%-ით ზოგავს. მოეწყო ავტომობილების საპარკინგე ადგილები და ტროტუარი.

დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეს ადგილზე გაეცნო და მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მცხოვრებლებს მოთმინებისთვის, რადგან საგზაო სამუშაოები ღამის საათებშიც მიმდინარეობდა, რაც მჭიდროდ დასახლებულ ქუჩაზე ხმაურს იწვევდა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ არსებობდა. გარდა ამისა, მოეწყო ორი საყრდენი კედელი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები.

ტროტუარებზე მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა ახალი სანათები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები.

 

 

მსგავსი თემები