თბილისის შესახებ კატალოგს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი შექმნის

​საქართველოს ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი, პრესტიჟული სააგენტო Magnum Photos-ს სრულუფლებიანი წევრი, მარტინ პარი თბილისის შესახებ კატალოგს – „მარტინ პარი – თბილისი“ (City Book Tbilisi), შექმნის. ტექსტის ავტორი მწერალი აკა მორჩილაძეა. წიგნი ​ფოტოგრაფის მიერ თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნება და ერთ-ერთ ცნობილ გერმანულ გამომცემლობა Prestel Publishing-თან თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცემა. წიგნში შევა 30 ნამუშევარი.

თბილისის მერიის კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავას ინფორმაციით,  თბილისის მერიას Magnum Photos საჩუქრად გადასცემს მთლიან ექსპოზიციას, რომლის ნახვაც ნებისმიერ დამთვალიერებელს, უკვე საქართველოს დედაქალაქში შეეძლება.

მისივე ინფორმაციით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრად არის მიწვეული. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის მოწვევით, საქართველოში სტუმრად იმყოფება მარტინ პარი, რომელიც თბილისის წარმდგენი იქნება.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერები ასევე, არიან: „თიბისი ბანკი“, Magnum Photos, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და „საქართველოს ავიახაზები“.

მარტინ პარიმ საერთაშორისო აღიარება ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მოიპოვა. მის ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტემ და ფერმა იგი 1980-იანი წლებიდან ყველაზე უფრო წარმატებული და პოპულარული ფოტოგრაფების სიაში მოახვედრა, რის შედეგადაც, ის სააგენტო Magnum Photos-ს მთავარი წევრი გახდა.

თემები, რომლებსაც მარტინ პარი ირჩევს, სხვა ფოტოგრაფებისგან იმ ნიშნით გამოარჩევს, რომ მისი შემოქმედება განგრძობით სერიებს მოიცავს. მისი უჩვეულო სტრატეგიის ნაწილია ერთი და იმავე ფოტოების გამოქვეყნება სხვადასხვა კონტექსტში, გამოფენებზე, ხელოვნების წიგნებში. ამ მიდგომის, მისი სტილისა და თემების არჩევანის წყალობით, ის უკვე დიდი ხანია მისაბაძი მაგალითია ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.

Magnum Photos ფოტოგრაფიული კოოპერატივია, რომელიც თავად წევრ ფოტოგრაფებს ეკუთვნის. ძლიერი ინდივიდუალური ხედვით, „მაგნუმის“ ფოტოგრაფები აღწერენ მსოფლიოს და განმარტავენ მსოფლიო ხალხებს, მოვლენებს, პიროვნებებსა და პრობლემებს. ოთხი სარედაქციო ოფისით ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში და 15 ქვესააგენტოს ქსელით, Magnum Photos ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნული სააგენტოს ბიბლიოთეკა ცოცხალი არქივია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიწოდებული ნამუშევრებით ყოველდღიურად ახლდება.

მსგავსი თემები