თბილისის სატრანსპორტო კომპანია სატელეფონო ჩანაწერებზე გამოძიების ჩატარება ითხოვს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უარყოფენ, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიის თანამშრომლების მიმართ ხორციელდება ზემოქმედება და მათ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებენ.

კომპანიის ხელმძღვანელები მიმართავენ შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ ფაქტი, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი და ამ ადამიანთა უფლებები დაირღვა.​

​როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს კანონით გარანტირებული თავისუფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ამაში ვერავინ ჩაერევა. მსგავსი მითითება კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან არ ყოფილა.

“გაერთიანებულმა ოპოზიციამ გაავრცელა დეზინფორმაცია, წარმოადგინეს სატელეფონო ჩანაწერები, თითქოს,  პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საჯარო მოსამსახურეებზე, კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მიზანმიმართული პროვოკაცია და სრული სიცრუე. სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს კანონით გარანტირებული თავისუფლება, გააკეთოს საკუთარი არჩევანი და ამაში ვერავინ ჩაერევა. მსგავსი მითითება კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან არ გაცემულა”, – ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.

კომპანიის ხელმძღვანელები პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, ნუ ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ კომპანიის თანამშრომლები საკუთარი ამოცანებისთვის და ნუ შეუშლიან ხელს მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.

“ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად ემსახურებიან ქალაქს”, – აცხადებენ კომპანიაში.

 

მსგავსი თემები