თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული სივრცე მოეწყობა

შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი”, თბილისის სატელევიზიო კოშკის მოდელირების კონცეფციას ამუშავებს. ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად ტენდერი  უკვე გამოცხადდა. კოშკზე მოძრავი იატაკი, კვების ობიექტები და პანორამული სივრცე უნდა მოეწყოს.
თბილისის სატელევიზიო კოშკში “საქართველოს ტელერადიოცენტრის” მართვაშია. კოშკზე განთავსებულია მაღალი და ზემაღალი სიხშირის სხვადასხვა დანიშნულების სატელეკომუნიკაციო სისტემები.
როგორც “სითი კვირას” ტელე-რადიო ცენტრში განუცხადეს, ტურისტების სივრცე 277 მეტრიანი სატელევიზიო ანძის პირობითი 15 სართულიდან ერთ-ერთზე მოეწყობა. კონსტრუქციის ფორმა კი დედაქალაქის მთავარ სიმბოლოს უნდა მიესადაგოს.
​მათივე განმარტებით, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაინტერესებულმა მხარემ პროექტში კვების ობიექტისათვის მოძრავი იატაკის მოწყობის კვლევა, ვიზიტორთა გათვალისწინებით – საგამოფენო სივრცის დაგეგმარება და სტუმრებისათვის განკუთვნილი ლიფტის კონცეფცია უნდა შექმნას.
ტურისტული კონცეფციების მიღებას საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი 11 აპრილს დაასრულებს.
თბილისის სატელევიზიო კოშკი, მთაწმინდის ფუნიკულიორის ზედა პლატოზე მდებარეობს.
მისი მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და 1956 წელს დასრულდა. სიმაღლე 186 მეტრი იყო და ახლანდელი კოშკის მიმდებარედ იდგა.
პირველი სატელევიზიო გადაცემა 1956 წლის 30 დეკემბერს გავიდა ეთერში. პირველი ფერადი მაუწყებლობა კი – მოგვიანებით, 1966 წელს. სტუდია, საიდანაც მაშინდელი დიქტორებიქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ძველი კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
ვინაიდან ძველ კოშკს სატელევიზიო არხების რაოდენობის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა, საჭირო გახდა ახალი კოშკის მშენებლობა. მისი მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში მცოცავი ამწით მიმდინარეობდა.
ახალი თანამედროვე კოშკი ექსპლუატაციაში 1974 წლის 30 ნოემბერს შევიდა, ძველი კოშკი კი  ქალაქ გორში გადაიტანეს.
დღეისათვის თბილისის სატელევიზიო კოშკი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობაა და მსოფლიოს ყველაზე მაღალი კოშკების სიაშია შესული. მისი სიმაღლე 274,5 მეტრი იყო, თუმცა 2017 წლის 3 ივნისს ნაგებობას დაემატა კოშკის შემადგენელი კონსტრუქციული ელემენტი – სუპერტურნიკეტული ანტენა, რის შემდეგაც მისი სიმაღლე 3,5 მეტრით გაიზარდა. თავად კოშკი განთავსებულია 719,2 მ. სიმაღლის მთაზე.

მსგავსი თემები