თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს 10 ახალი ავტომობილი გადაეცა

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში, სატრანსპორტო პარკის განახლების პროექტის ფარგლებში დღეს, „ფიატის“ მარკის უახლესი მოდელის ათი ავტომობილი შეემატა, რომლითაც მოძველებული ავტომანქანები ჩანაცვლდა. მომავალი წლისთვის კიდევ 70 ახალი ავტომობილის შეძენა იგეგმება.
როგორც “სითი კვირას” მერიაში განუცხადეს, ახალი ავტომანქანები გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობითაა აღჭურვილი და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. ​დღეისთვის კი, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სამედიცინო წესით აღჭურვილ 97 სპეცმანქანას ითვლის.​
​სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები, თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასთან და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ ეს არის იმისთვის, რომ სერვისი გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება არავის დასჭირდეს, თუმცა სერვისი მაღალი დონის იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები