თბილისის საკრებულოში ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო საღამო გაიმართა

თბილისის საკრებულოში ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტური კომისიის ინიციატივით დაიგეგმა. საიუბილეო საღამო გია ყანჩელის მელოდიით გაიხსნა და მიწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კომპოზიტორის ხსოვნას. 

ღონისძიებაზე ანსამბლ „რუსთავის“ წევრებმა მათი რეპერტუარიდან რამდენიმე ნომერი შეასრულეს და თბილისის საკრებულოს საიუბილეო ანთოლოგიური გამოცემა რუსთავი 50- 400 ქართული ხალხური სიმღერა“ გადასცეს.

საიუბილეო საღამოზე ანსამბლ „რუსთავს“, მის დამაარსებელ ანზორ ერქომაიშვილსა და ღვაწლმოსილ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს მადლობის სიგელები გადასცეს. 

ანსამბლი რუსთავი 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად დაარსა, რომელიც თავიდან მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს, მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა. დაარსებიდან დღემდე ანსამბლს 80-მდე ქვეყანაში 7 000-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული. ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები შედის.

მსგავსი თემები