თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამ დროისთვის დარჩენილია საგზაო მონიშვნების დახაზვა,  სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

აღნიშნული ქუჩა ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სახელს ატარებს.

​ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქუჩაზე წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობა იყო, ცენტრალური საავტომობილო გზა დეფორმირებული, ზოგ ადგილას კი ჩავარდნილი იყო, მოუწესრიგებელი იყო სანიაღვრე სისტემა.

რეაბილიტირებული ქუჩა დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და განაცხადა, რომ აეროპორტიდან ქალაქში შემოსასვლელი გზა, დღეს სრულად არის რეაბილიტირებული, ისევე, როგორც ევროპულ ქალაქებშია.

მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და სანიაღვრე სისტემას, შეიცვალა გარე განათების ბოძები, ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიწისქვეშა კომუნიკაციებს, წყალარინების ქსელსა და სანიაღვრე სისტემას.    პირველ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აწარმოა. განახლდა ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 733 000 ლარი დაიხარჯა. ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია „დინ გრუპმა“ შეასრულა.

მსგავსი თემები