თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 4 აპრილს დაიწყება

4 აპრილიდან 14 მაისის ჩათვლით, თბილისი საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. წარმოდგენილი იქნება, ადგილობრივი და მიწვეული გუნდების 11 კონცერტი. მუსიკოსები ჩამოვლენ გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან.

ფესტივალთან დაკავშირებით, დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ფესტივალის დირექტორი მაია ჩაჩავა და სამხატვრო ხელმძღვანელი არჩილ უშვერიძე უძღვებოდნენ.

სოფიო ხუნწარიას თქმით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი კონცერტი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.

მისივე თქმით, ფესტივალი რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხელს უწყობს საგუნდო მუსიკის განვითარებას. ფესტივალის ფარგლებში მიმდინარე კონცერტები, ყოველწლიურად, სხვადასხვა სივრცეში იმართება. წელსაც საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები გაიმართება სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, იაკობ გოგებაშვილის სასწავლებელში, მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის დარბაზში და სხვა.

თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს, თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია და ითვალისწინებს ქართული საგუნდო მუსიკის განვითარებას, საგუნდო-საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედების გაცნობას. ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, მსმენელს მიეცა შესაძლებლობა 50-მდე გუნდისთვის მოესმინა, მათ შორის 15 უცხოური გუნდი იყო.  

მსგავსი თემები