თბილისის მწვანე ფერდობები საყოფაცხოვრებო ნაგვისგან გაწმინდეს


თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ზოლის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ფერდობები, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და გამხმარი ტოტებისგან გაიწმინდა. 

შპს „ეკოსერვის ჯგუფის” წარმომადგენლებმა მოაწესრიგეს მწვანე საფარი. ასევე, გაისხლა და დაფორმირდა იქ არსებული ხე-მცენარეები. 

​შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას.

დაავადებული ხეების მოვლას რაც შეეხება, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილისის ცენტრალურ გამზირებზე კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ, იქნება ეს დაავადებული ხეების ჩანაცვლება, თუ ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელება.

მემორანდუმის თანახმად, კერძო ტერიტორიებზე დაზიანებული მწვანე საფარის აღდგენის სამუშაოები, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლების თანამონაწილეობით ჩატარდება.   

მაია ბითაძის თქმით, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირებზე ხეების დაავადებების გავრცელების ყველაზე დიდი კერებია, გამხმარია ყველა ფიჭვი. ფიტოსანიტარიული ღონისძიებები, რომლებსაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მიმდინარე წელს ახორციელებს, აუცილებელია იმისთვის, რომ დაავადებების გავრცელების მასშტაბი არ მოედოს მთელ თბილისს და ეკოლოგიური კატასტროფა არ მივიღოთ.  

მსგავსი თემები