თბილისის მეტროს ახალი მოძრავი შემადგენლობები დაემატა, მოცდის დრო შემცირდება

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე დღეიდან, 2 ახალი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს, შემცირდება სადგურებს შორის მოცდის დრო. დედაქალაქის მეტროს პირველ ხაზს ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზს სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა.    

​როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. თუ პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეისთვის ის 3-წუთამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლის 2.5 წუთამდე დაყვანა იგეგმება.  

რეაბილიტირებული მეტროს ვაგონები გლდანის დეპოში დღეს, დედაქალაქის მერმა პირადად დაათვალიერა და მემანქანეებს გაესაუბრა.

მისი ინფორმაციით, ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და თანამედროვე კონდიცირების სისტემა დამონტაჟდა; მართვის თანამედროვე პულტით, ასევე, აღიჭურვა კაბინები; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში არსებული ძველი სანათები დიოდური სანათებით ჩანაცვლდა; დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და ბაქნის საკონტროლო გარე კამერები; მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასამუხტი USB ჩამრთველები; მოძველებული მექანიკური დეტალები თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით სრულად შეიცვალა, განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს.

 „სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არაერთხელ გვითქვამს, რომ გვინდა, 2018 წლის ბოლოსთვის  ავტობუსების პარკი მთლიანად ჩავანაცვლოთ და ახალი, ევროპული, ევრო 6-ის ტიპის  ავტობუსები შემოვიყვანოთ. ასევე, ვმუშაობთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისა და  სადგურების მოწესრიგების მიმართულებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს, დამატებით, 27 ვაგონის განახლებას გეგმავს.

ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა – კობა კობალაძემ და შალვა ოგბაიძემ დაათვალიერეს.

მსგავსი თემები