თბილისის მერი მძღოლებს პარკირების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე, მოქალაქეებს მოუწოდებს პარკირების მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელი წესები დაიცვან.
დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს ​დღეიდან​თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პარკირების შემოსავლები სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებას, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, პარკირების სისტემის გამართულ მუშაობას მოხმარდება, რაც დღეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
მისივე თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზად არის ვალდებულებების შესრულებას შეუდგეს. უკვე გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები პარკირების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის.
ცაბაძის ქუჩაზე ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. ასევე, შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი.
“პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა შესაძლებელი იქნება სწრაფი გადახდის აპარატების ან ბანკის მეშვეობით. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან ყველანაირი ტექნიკით, რაც სჭირდებათ თავიანთი საქმიანობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად გამართული იქნება პროცესი, რომელსაც კომპანია წარმართავს”, – აცხადებს თბილისის მერი.

მსგავსი თემები