თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“ და „ქართული ხმები“ ერთობლივ რეგიონულ ტურნეს იწყებენ

თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ ბენდი“, ანსამბლ „ქართულ ხმებთან“ ერთად საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს, რომელიც  30 ივნისს, ახალციხეში დაიწყება და საქართველოს სხვა ქალაქებში გაგრძელდება. მანამდე კი, მაყურებელს თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა აბანოთუბანში, 29 ივნისს, 19:00 საათზე ექნება.

„ბიგ ბენდისა“ და „ქართული ხმების“ კონცერტის რეპეტიციას დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო და „ბიგ ბენდის“ ხელმძღვანელ გაიოზ კანდელაკს კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მაყურებელს თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტზე დასწრების შესაძლებლობა აბანოთუბანში, 29 ივნისს ექნება.

„ ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ იმ ყველაფრისთვის, რასაც ხელოვნებისთვის აკეთებენ. მათ თბილისის მერიის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა ექნებათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, „ბიგ ბენდისა“ და ანსამბლ „ქართული ხმების“ ერთობლივი ტურნე პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ (CheckinGeorgia) ფარგლებში იმართება. კონცერტი აერთიანებს ქართული ფოლკლორის, ქალაქური სიმღერების, ქართული საესტრადო და მსოფლიო ჰიტების საუკეთესო ნიმუშებს. პროექტი მოიცავს  კონცერტებისა და ღონისძიებების სერიას, რომლის ძირითადი ამოცანა რეგიონების გამოცოცხლება და  საქართველოს ცნობადობის გაზრდაა.

ღონისძიებას  ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ.

მსგავსი თემები