თბილისის მერია იპოდრომის მიმდებარედ ე.წ. კორტების ყოფილ ტერიტორიას სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით გაყიდის

თბილისის მერია იპოდრომის მიმდებარედ ე.წ. კორტების ყოფილ ტერიტორიას, რომელიც მუნიციპალიტეტმა ინვესტორისგან ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიბრუნა, სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით გაყიდის.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, იპოდრომის მიმდებარედ არსებული, ე.წ. კორტების ყოფილი ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს  გასხვისებული იყო იმ მიზნით, რომ ადგილზე საცხოვრებელი და სასტუმრო შენობა-ნაგებობები აეშენებინათ.

„ჩვენ ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა, რათა დაგვებრუნებინა ე ს კონკრეტული ფართი. ინვესტორთან გვქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება, გავაკეთეთ ადგილმონაცვლეობა და დღეს ყოფილი კორტების  ტერიტორია არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მოსახლეობაც ძალიან შეწუხებული იყო ფაქტით, რომ იქ უნდა აშენებულიყო საცხოვრებელი ფართები და სასტუმრო.  დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს კონკრეტული ადგილი. აღნიშნული ქონება საპრივატიზაციოდ გაგვაქვს სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით, ანუ ეს იქნება პირობებიანი პრივატიზება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სავალდებულო იქნება ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, ასევე მოეწყოს საცურაო აიზი და ფიტნეს კლუბი.

მერის ინფორმაციით, ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ და უახლოეს მომავალში საპრივატიზაციოდ წარდგენილი იქნება ბიზნესსექტორისთვის

„დიდი იმედი მაქვს, იქნება აქტიურობა, ჩართულობა და ჩვენ რაც დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, კორტებს დავაბრუნებთ იმ ძველი ფუნქციით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი ადამიანი გაიზარდა ამ კონკრეტულ კორტებზე, შესაბამისად, მას დაუბრუნდება თავისი ძველი ფუნქცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები