თბილისის მერია “ელიავას ბაზრობას” ალტერნატიულ, კეთილმოწყობილ ტერიტორიას შესთავაზებს  

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში არსებულ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალის ე.წ. ელიავას ბაზრობას, დედაქალაქის მერია ალტერნატიულ და კეთილმოწყობილ ტერიტორიას გამოუყოფს. ბაზრობის ადგილას რეკრეაციული ზონის მოწყობა თბილისის მიწათსარგებლობის განახლებული გენგეგმის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა.

როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ელიავას ბაზრობა კერძო საკუთრებაა და მას დედაქალაქის არსებული მთავრობა კანონდარღვევით არასდროს შეეხება. ბაზრობის გადატანის საკითხი მხოლოდ მეპატრონეებთან თანხმობის შედეგად გადაწყდება.

​თბილისის მერი კახა კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, “ელიავას ბაზრობას” ალტერნატიული, კეთილმოწყობილი ტერიტორია შესთავაზოს.

“ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კერძო საკუთრებას კანონდარღვევით არასდროს შევხებივართ და ვერავინ გაბედავს, რომ შეეხოს. “ელიავას ბაზრობა” კერძო საკუთრებაა. შევხვდებით მეპატრონეებს და ბაზრობის გადატანის საკითხი მხოლოდ მათი თანხმობით გადაწყდება. ამ კონკრეტულ ადგილას კი, მწვანე სივრცეს შევქმნით”, – აცხადებს კალაძე.

​​მისივე თქმით, თბილისის მერიას აქვს მეორე ალტერნატივა, რომ “ელიავას ბაზრობის” ნაცვლად, ახალი, თანამედროვე, მულტიფუნქციური ცენტრი შეიქმნას, სადაც ადამიანებს პროდუქციის გაყიდვა შეეძლებათ.
კალაძის თქმით, ის პირობები, რაც დღეს აღნიშნულ ბაზრობაზე არსებობს, პირველ რიგში, იქ მომუშავე და ირგვლივ მცხოვრები ადამიანებისთვის და ზოგადად ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს.

კახა კალაძემ ბაზრობის მეპარტონეებთან შეხვედრას უახლოეს ხანებში გეგმავს.

მსგავსი თემები