თბილისში, ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებენ

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, დედაქალაქის მასშტაბით, ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს.

ამ ეტაპზე, სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.). არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ბადეები ანკერული დამაგრების პრინციპით და დეტალები დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს.

დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გალაქტიონ ბუაძესთან ერთად დაათვალიერა.

„ამ ტერიტორიაზე განხორციელდა სამუშაოები – ქვათა ცვენისგან დამცავი ბადეები გაკეთდა. პირველ რიგში, კლდე მთლიანად ჩამოსუფთავდა, რადგან ჩამონგრევის და გარკვეული ზიანის მოტანის საშიშროება არსებობდა. მსგავსი სამუშაოები განხორციელდა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ადგილზე, არამედ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. ჩვენ ვაგრძელებთ დამცავი ბადეების დამონტაჟებას, რომ ქალაქში უსაფრთხოება დაცული იყოს.

სამწუხაროდ, მსგავსი ადგილი ბევრი გვაქვს და მათ მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ეს თანამედროვე მიდგომები, რომელიც აღნიშნულ პროექტებზე იქნა გამოყენებული, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს კიდევ რამდენიმე მისამართზე დაამონტაჟებს.

სამონტაჟო სამუშაოები თბილისის შპს „მანგიმ“ აწარმოა. სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 855 000 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი თემები