თბილისის მედიცინის ინსტიტუტის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

კლინიკა თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კიდევ ოთხ თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

კლინიკის დირექტორის გიორგი კაჭახიძის განმარტებით, ოთხივე მათგანი ექთანია. მათ შორის არის ის ექთანიც, რომელსაც ეპიდემიოლოგები კლინიკაში კორონავირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევენ.

კაჭახიძის განმარტებით, თავის მხრივ, რომელ ინფიცირებულთან ჰქონდა ექთანს კონტაქტი – ამ ეტაპზე უცნობია. კვლევა ჩატარდა სულ 5 პაციენტსა და 30-მდე თანამშრომელზე. არ არის გამორიცხული ტესტირება განმეორდეს.

საკარანტინო რეჟიმის გამო მედიკოსები სამედიცინო ცენტრს არ ტოვებენ. ის ექიმები, რომლებიც რისკჯგუფში არ მოხვდნენ საავადმყოფოში დარჩენილ 10 პაციენტის მკურნალობას განაგრძობენ.

“ოთხ ჩვენს ექთანს დაუდგინდა COVID-19. როგორც ეპიდემიოლოგებმა დაადგინეს, პირველად ინფექცია დაემართა ერთ-ერთ ექთანს. ეს ექთანი იყო აბსოლუტურად ასიმპტომური და ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის გამო ჩაუტარდა მას ტესტირება. იმ ადამიანებზე არის გავრცელებული, ვისთანაც ყველაზე მეტი შეხება ჰქონდა,” – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის მედ-პერსონალიც, სადაც კორონავირუსი ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა.

მსგავსი თემები