თბილისის ზოოპარკში სუფთა სისხლის ცხოველებს გააჩუქებენ

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვისაც შინაური ცხოველის ჩუქების სურვილი აქვს, თბილისის ზოოპარკს უნდა მიმართოს. 1-ელ ივნისს, თბილისის ზოოპარკში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო თავშესაფრის ბინადარი შინაური ცხოველების გაჩუქების აქციას გამართავს.

როგორც სააგენტოში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, მშობლებს საშუალება ექნებათ, შვილებს ნატვრა აუსრულონ და ოთხფეხა მეგობარი აჩუქონ. ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ბინადრები მომავალ პატრონს ზოოპარკში, 12:00 საათიდან დაელოდებიან. აქციის ფარგლებში, მიუსაფარი და დაკარგული ძაღლები და კატები გაჩუქდებიან.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ლომჯარიამ განუცხადა, გაჩუქდებიან როგორც ე.წ. სუფთა სისხლის, ასევე შერეული ჯიშის ცხოველები.

„მჩუქებელმა, იმისათვის რომ დარეგისტრირდეს როგორც ცხოველის პატრონი, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მჩუქებლის შესახებ მონაცემები შედის ერთიან მონაცემთა ბაზაში და პერიოდულად, გაჩუქებული ცხოველების მოვლა-პატრონობის მონიტორინგი განხორციელდება“ – განუცხადეს მედიაცენტრ მთავარს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

მსგავსი თემები