თბილისის ერთ-ერთი ისტორიული სახლის კედლის უნიკალური მოხატულობა განადგურებას გადაარჩინეს

​თბილისის, რეზო თაბუკაშვილის ქუჩის N 22 -ში არსებული ისტორიული შენობის კედლებზე განთავსებული უნიკალური ნახატები განადგურებას დღეს, მოქალაქეებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი თამარ თავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მის ხელთ არსებული ინფორმაცია მან მერიის პრესსამსახურს მიაწოდა. მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ვითარება ადგილზე გაარკვიეს და საბოლოოდ ნახატები განადგურებას გადარჩა.

“მეგობარმა და ძველი თბილისის დიდმა გულშემატკივარმა დღეს გამომიგზავნა ეს პირველი სურათი, სადაც შეთეთრებული კედელია და მომწერა, რომ ამ სახლის სადარბაზოში რემონტია. ერთი ნახატი უკვე აღარ არსებობსო და როგორ გადავარჩინოთ მეორე მაინცო, – მკითხა.
დავრეკე მერიის პრესსამსახურში, მადლობა მათ ოპერატიული რეაგირებისთვის. მაშინ მივიდა ამ მისამართზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი. სამწუხაროდ, დროში ავცდით ერთმანეთს. მეც მივედი და უკვე გაოგნებული ხელოსნები დამხვდნენ, ვინაიდან ზედამხედველობამ უთხრა შეწყვიტონ მუშაობა, ვიდრე არ გაირკვევა ამბავი. ხელოსნები იმდენად დაბნეულები იყვნენ, რომ როცა მე ჯერ, ბუნებრივია, მოკლე ლექცია წავუკიხე თუ ვინ ცხოვრობდა ამ სახლში და რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ნახატები თბილისის ისტორიისთვის, და მერე მოვითხოვე მანახონ სურათები, რომ უსიტყვოდ ჩამოხსნეს თაბაშირ-მუყაოს ფირფიტები კედლიდან,  რომლითაც იყო დაფარული ერთი კედელი და კიდევ უფრო დაბნეულებმა და გაოგნებულებმა ნახეს იქ ნახატი. მეორე კედელზე კი დიდი ბანერი იყო აფარებული (აქ ადრე რაღაც ტურისტული სააგენტო იყო) და ამ ბანერის უკანაც მეორე ნახატი აღმოაჩინეს. ისე მუშაობდნენ მანდ რამდენიმე თვე, რომ ეს ნახატები არ შეუმჩნევიათ!! არ ვიცი ისტორიამ, ნახატებმა თუ ჩემმა “შეშლილმა” სახემ და აღელვებულმა “გამოსვლამ” მოახდინა მათზე შთაბეჭდილება, მაგრამ თვითონაც ჩათვალეს რომ ეს ნახატები უნდა დარჩეს. გადაწყვიტეს, შუშის ჩარჩოში  ჩასვამენ და ხელს არ ახლებენ. მართლა, ძალიან კარგი ახალგაზრდები იყვნენ, მონდომებული და დაინტერესებული. უსიტყვოდ დამეთანხმნენ ყველაფერში. დავურეკე ისევ მერიის პრესსამსახურს და ავუხსენი, რომ საქმე მოგვარდა, მუშაობის გაგრძელება შეიძლება, ნახატები დარჩება და ყველაფერი რიგზეა”, – თამარ თავაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის თბილისის მერიის პრესსამსახურს და პირადად ეკა ჯოჯუას.

მსგავსი თემები