თბილისის ბაგა – ბაღებში აცრილი და აუცრელი ბავშვების გამოვლენას იწყებენ

წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოსახლეობაში კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია, არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენაზე.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება.

მათვე განმარტებით, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ამ თვალსაზრისით, კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევალებათ. შესაბამისად, გამოიცა სააგენტოს დირექტორის ბრძანება, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ.  

დოკუმენტი ითვალისწინებს საბავშვო ბაგა-ბაღებში, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით არასრულად აცრილი, ან აუცრელი პირების გამოვლენას და ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებას, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.  

“წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს, უკვე მიეწოდა”, – აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მსგავსი თემები