თბილისელი სპილო გრანდი BBC – ის ეთერში მოხვდება  

თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს დღეს, ეშვის ამოღების ურთულეს ოპერაციას გაუკეთებენ, რომლის წყალობით ის „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში მოხვდება. ექვსტონიან ბუმბერაზს ჩატეხილი ეშვი უნდა ამოუღონ. ტელეკომპანია კი სერიალ „დიდი ცხოველების ოპერაციებში“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. ოპერაცია, 31 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

ოპერაციის შეუფერხებელი მსვლელობისა და ვეტექიმებისთვის მაქსიმალურად მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად მედიის წარმომადგენლებს, ფოტო და ვიდეოგადაღებისას გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის ზოოპარკში განუცხადეს, ოპერაციის გადაღება შესაძლებელია დაწყებიდან 15 წუთის და დასრულებამდე 15 წუთის განმავლობაში; გადაღება დაშვებულია საოპერაციო ვოლიერის ბარიერის მეორე მხრიდან და არა უშუალოდ საოპერაციოში; ​Live-ის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ ვოლიერის გარედან; აკრძალულია ფოტო და ვიდეოკამერების ფლეშგანათების გამოყენება; აუცილებელია ფოტო და ვიდეოკამერებისა და ტელეფონების ხმის გათიშვა; აკრძალულია ხმამაღალი საუბარი და ხმაური; აკრძალულია სიარული და ხმაური ოპერატორებისა და სტატიკურად დამონტაჟებული კამერების წინ; დაუშვებელია ვეტექიმების სამოძრაო არეალის შეზღუდვა, ცხოველთან და ინსტრუმენტებთან წვდომის შეფერხება.

სპილო თბილისში ერევნიდან მოხვდა, იქ კი 1999 წლის ნოემბერში, მოსკოვის ზოოპარკიდან გადაიყვანეს.  გრანდი მაშინ 4 წლის იყო. გზაში კონტეინერი ამოტრიალდა და ახლად ამოწვერილი, პატარა ეშვები მოსტყდა. ერევნის ზოოპარკში, რამდენიმე ხნის შემდეგ, სისხლდენა დაეწყო, მოგვიანებით კი ორგანიზმის დაინფიცირების საფრთხეც გაჩნდა. მიწვეულმა ჰოლანდიელმა ვეტექიმებმა დაადგინეს, რომ ჭრილობებში ჩირქის დაგროვების გამო ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სპილოსთვის ეშვები ყოველდღიურად უნდა გამოერეცხათ.

2014 წელს გრანდი თბილისში ჩამოიყვანეს და მალევე დაიგეგმა ურთულესი ოპერაცია. სპილოს ეშვები ყბის ძვალთან იმდენად ახლოს ჰქონდა მოტეხილი, რომ ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება დაუშვებელი იყო. ორგანიზმში მუდმივი ანთებითი კერის არსებობას, დროთა განმავლობაში, შესაძლოა მისი დაღუპვა გამოეწვია. ამიტომაც, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ოპერაცია გართულდა და დაგეგმილზე მეტი დრო გაგრძელდა, მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება მოხერხდა. დაგვწყვიტა ნერვიულობით. ანესთეზიის შემდგომ წამოდგომა გაუჭირდა და კინაღამ გამოგვეცალა ხელიდან ეს მრავალტონიანი ვაჟკაცი. მერე წყალდიდობამ დაგვცა. და აი, როგორც იქნა, დადგა მეორე ოპერაციის დროც. სხვა გზა არ აქვს, უნდა იყოჩაღოს ჩვენმა ბიჭმა. თან ამჯერად მას მთელი მსოფლიო გაიცნობს. სანერვიულო ნამდვილად გვაქვს. ასეთი დიდი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ძალზე სარისკოა. არსებობს შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვეღარ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. იმედია, გაუძლებს”, – ვკითხულობთ თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე.

მსგავსი თემები