თანაგუნდელებს გედევან ფოფხაძის დასჯა სურდათ – ბექა ნაცვლიშვილი “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დეპუტატ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ფოფხაძის დასჯას უფრო ჰგავს, ვიდრე შესაძლო პროცედურულ გადაცდომებზე მინიშნებას.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გედევან ფოფხაძეს გამოკვეთილი და წინააღმდეგობრივი პოზიცია აქვს მოსამართლეთა იმ სიის მიმართ, რომელიც  პარლამენტში შევიდა განსახილველად. ამდენად არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობისთვის გედევან ფოფხაძის კანდიდატურა სწორედ ამ მიზეზით იყო მიუღებელი.

​გედევან ფოფხაძე ღიად და ცხადად გამოხატავდა თავის პოზიციას წარმოდგენილი მოსამართლეების  უვადოდ გამწესების წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ის ადამიანი, რომელიც დაიკავებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, სწორედ ამ სულისკვეთების გამზიარებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან არასწორი გადაწყვეტილება იქნება”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

​როგორც დეპუტატი აცხადებს, მისთვის მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც შეუჩერეს უფლებამოსილება გედევან ფოფხაძეს. მისივე შეფასებით, ამ პროცესში პიროვნებები დიდ როლს თამაშობენ.

“როცა გედი ფოფხაძე აირჩიეს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ, მაშინაც განვაცხადე, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდეს ის ადამიანი, რომელსაც ცხადი და გამოკვეთილი პოზიცია აქვს მოსამართლეთა იმ სიის მიმართ, რომელიც შემოვიდა პარლამენტში. ეს იყო ჩემთვის პრინციპული საკითხი​. ამ გადაწყვეტილებამ არ დატოვა ჩემში ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ეს იყო შესაძლო პროცედურული დარღვევების გამო მიღებული გადაწყვეტილება, არამედ, ეს იყო გარკვეული თვალსაზრისით, მიზანმიმართული ქმედება გედევან ფოფხაძის მიმართ. ამ ყველაფრის საფუძველზე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ გედევან ფოფხაძის დასჯა სურდათ”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მთავარში“.

მსგავსი თემები