“თავისუფლების მოედანზე გოჭის ხორცს ვერავინ გაყიდის” – საახალწლო გარევაჭრობა თბილისში 

საახალწლო გარევაჭრობისთვის ტერიტორიები თბილიში, დედაქალაქის ცენტრალურ და გარეუბნებში გამოიყო. სულ 16 ადგილი შეირჩა, მათ შორის, ძირითადად მეტროსადგურებისა და ტრადიციული ბაზრების მიმდებარედ. გარევაჭრობისთვის ადგილის თვითნებურად შერჩევა და მოვაჭრეების ქაოტურად განთავსება იკრძალება. ვითარებას, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მთელი დღის განმავლობაში გააკონტროლებენ.

​როგორც ​თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ყუშიტაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, გარევაჭრობის ადგილები სხვადასხვა კრიტერიუმით არის შერჩეულია. კერძოდ, ხორცი და მალფუჭებადი საკვები არ გაიყიდება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ეს საკითხი მკაცრად გაკონტროლდება.

“თავისუფლების მოედანზე ვერავინ გამოიტანს გოჭის ხორცს და სხვა მალფუჭებად პროდუქტებს გასაყიდად, ამისთვის გამოყოფილია მეტროსადგურების – “დიდუბის”, “სადგურის მოედნის”, “ნავთლუღისა” და გლდანის ბაზრების მიმდებარე ტერიტორია. სასურველია კვების პროდუქტები გამოიტანონ იქ, სადაც ბაზრები არა მხოლოდ საახალწლო პერიოდში, არამედ სხვა დროსაც ფუნქციონირებს”, – აცხადებს ​თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ყუშიტაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის გამგეობების მიერ წინასწარ შერჩეული ტერიტორიების გარდა, ქალაქის მასშტაბით ქაოსური გარევაჭრობების მოწყობა კანონდარღვევაა. მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, სადღესასწაულო დღეებში, სისტემატურად ახორციელებენ მონიტორინგს და ასეთის გამოვლენის შემთხვევაში კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

ვლადიმერ ყუშიტაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს წესრიგი დაიცვან და მხოლოდ იმ ადგილებში განახორციელონ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია, სადაც ეს კანონით ნებადართულია.

“ბუნებრივია, ქვეყნის ​სხვადასხვა რაიონებიდან დედაქალაქში საახალწლოდ მოსახლეობა ჩამოდის, რომლებსაც თავიანთი პროდუქტი ჩამოაქვთ და მისი რეალიზება სურთ. ინტენსიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება საახალწლოდ ვაჭრობის წესებთან დაკავშირებით, რომ ქაოსი არ მივიღოთ. მოვაჭრეების ნაწილმა, გარევაჭრობის ნებართვასთან დაკავშირებით 2 კვირით ადრე მიმართეს გამგეობებს. მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც რეგიონებიდან ახალი წლის დადგომის წინა პერიოდში ჩამოდიან.  გარემოვაჭრეები ადგილის გარეშე რომ არ დარჩნენ, საჭიროების შემთხვევაში, საახალწლო ბაზრობა შესაძლოა დედაენის ბაღშიც გაიმართოს”, – განაცხადა ვლადიმერ ყუშიტაშვილმა “მთავარში“.

მსგავსი თემები