“თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ, მეორეჯერ წავიდე ციხეში” – გიგი უგულავა

“თავისუფლების გზა თუ გადის ციხეზე, მე მზად ვარ, მეორეჯერ წავიდე ციხეში, უფრო სწორად, მესამეჯერ, უფრო ზუსტი თუ ვიქნებით. შეზღუდული სივრცე არის ამავე დროს, შესაძლებლობა და მეტი თავისუფალი დრო, შესაბამისად, მე ამაზე არ ვწუხვარ”, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, დაჭერები აზრს ვერავის შეაცვლევინებს და ვაჭრობაში შესვლა არ იგეგმება.

„არავითარი დაჭერა, გინდ პოლიტიკური ლიდერებისა და ნებისმიერი ჩვენგანის, არ შეგვაცვლევინებს ჩვენ აზრს და არ ვაპირებთ, რაღაც ბინძურ ვაჭრობაში შევიდეთ ამ გოგოლის პერსონაჟთან, არ ვაპირებთ, ვივაჭროთ ადამიანების ზურგს უკან. ივანიშვილი ასეთი ქმედებებით მხოლოდ და მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და ახდენს სიტუაციის რადიკალიზაციას, რაც ქვეყნისთვის არის ცუდი, მაგრამ მისთვის დამთავრდება ძალიან ცუდად“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

ამასთან, უგულავას თქმით, მას ყველა ნივთი მზად აქვს და თავად მივა ციხეში.

„ტექნიკურად ეს როგორ ხდება, ჯერ არ ვიცი. მინდა, შესაბამის სამსახურებს ვუთხრა, თქვენ შეგიძლიათ, ბოლომდე გაველურდეთ და რომ გავალთ, აქვე დამახვედროთ თქვენი ოპრიჩნიკები, ეს თქვენი უფლებაა.  მე ვაპირებ, დავემშვიდობო ჩემს კოლეგებს, მივიდე ბარნოვის 40-ში, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, დავემშვიდობო იქ ხალხს და დაგელოდებით მეგობრებო, მობრძანდით.  ამავე დროს, მზად ვარ, და პირიქით, მირჩევნია თავად, გამოცდილება უკვე შესაბამისი მაქვს, მანქანა ჩალაგებულია, ყველა ნივთი, წიგნი, ყველაფერი მომზადებული მაქვს, ბუნებრივია, ეს წინასწარ ვიცოდი და შესაბამისად, მე თვითონ მივალ მათ მიერ მითითებულ ციხეში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავამ იმაზეც ისაუბრა, თუ რას აპირებს უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ.

„მე ჩემს კოლეგებსაც, ოჯახის წევრებსაც და ყველა ჩემს ახლობელს  ვუთხარი, მხოლოდ სიმტკიცე, ღიმილი, მინიმალური ღელვა და მაქსიმალური კონცენტრაცია საქმეზე.  ფაქტი არის ერთი, რომ გზა, რომელიც აირჩია ოპოზიციამ, აშინებს ივანიშვილს, ერთობა, რომელიც აქ სუფევს, არის გამარჯვების წინაპირობა. ამ გზაზე იქნება დაჭერები და მიუხედავად იმ პოლიტიკური წნეხისა, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ფაქტია, ივანიშვილი მთლიანად გონდაკარგულია. ეს არის ცუდი, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა უგულავამ.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. 

მსგავსი თემები