„ზუსტად ვიცი, ყველა საუბარი ჩაწერილი აქვს, პირველიც და მეათეც. პირველი გაასაჯაროვოს და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე“ – მუხრან ვახტანგაძე

 „პირველი საუბარი გაასაჯაროვოს, ბოლოს რომ ასაჯაროებს. ამის მერე დავსვამ ერთადერთ შეკითხვას –  რომელი ადამიანი მოითმენდა იმ საზიზღრობას, რაც მან იკადრა…“-  პარლამენტის წევრი, ბათუმის მჟორიტარი დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე მერაბ ღოღობერიძესთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე „მედიაცენტრ მთავართან“ პირველ განმარტებას აკეთებს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარისთვის“ გახდა ცნობილი, ღოღობერიძემ დეპუტატს შეურაცხყოფა არაერთგზის მიაყენა, რასაც ღოღობერიძე უარყოფს, ბოლო ჩანაწერი კი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ დეპუტატი მას თავს დაესხა და აგინა.

მუხრან ვახტანგაძე კი მისი მხრიდან იმ ჩანაწერის გამოყვეყნებას ითხოვს, რის გამოც ის იძულებული გახდა, ღოღობერიძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა.

„ზუსტად ვიცი, ყველა საუბარი  ჩაწერილი აქვს, პირველიც და მეათეც. პირველი გაასაჯაროოს და მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე. ვინც ჩანაწერი ნახა, ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში!!! პირველ ჩანაწერს რომ ნახავთ, დამიჯერეთ, იმაზე ბევრად რთული მოსასმენი და მოსათმენი იქნება, ვიდრე ის, რასაც თავად ასაჯაროებს.  ნებისმიერ შემთხვევაში, უდიდესი ბოდიში ყველასთან. მაპატიეთ, რომ ეს უდიდესი პროვოკაცია და საშინელება ვერ მოვითმინე. თმენის ვალდებულება ერთია, თუმცა, როცა შენს პიროვნებას ეხებიან და უკადრებელს კადრულობენ, აქ თმენა შეუძლებელია.  ვერც თქვენ მოითმენდით იმას, რისი მოყოლაც არ შემიძლია… გასაჯაროვდეს ისიც და ყველაფერს მიხვდებით“ – განუცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ ღოღობერიძე გახლავთ ბათუმის აქციაზე, ძალადობის ორგანიზებაში მსჯავრდებული პირი. მას, ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 10 იანვარს  18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდნენ,  რაც  ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას,  რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

2017 წლის 11 მარტს ბათუმში, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეიკრიბნენ.  მოგვიანებით მათ პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. დაამტვრიეს და დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის და სამოქალაქო პირების მანქანებს. 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე სამართალდამცავებმა 21 ადამიანი დააკავეს.

რაც შეეხება მუხრან ვახტანგაძესთან მომხდარ დაპირისირებას, როგორც მერაბ ღოღობერიძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, თუ სიმართლე არ გაირკვევა, ის, ოჯახთან ერთად, ქვეყნის დატოვებას და უცხოეთში წასვლას გეგმავს.

მსგავსი თემები