„ზურა ვაზაგაშვილი ისე ჩაცხრილეს, მისი ვინაობაც კი არ იცოდნენ და მერე გაიგეს“ – ადვოკატი „მთავარში“

“ჩვენი ბრძოლის შედეგად, დადასტურდა ის, რასაც აქამდე დაუდასტურებლად ვამბობდით, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილ იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლება, როგორიც არის სიცოცხლის უფლება,” – ასე შეაფასა 2006 წლის 2 მაისს, კორტებთან, სპეცოპერაციისას ჩაცხრილული ზურა ვაზაგაშვილის საქმის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაგი მოსიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” ე.წ კორტების სპეცოპერაციის დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდების ლიკვიდაცია მოხდა ისე, რომ პოლიციამ მათი სახელი და გვარიც კი არ იცოდა. მისი თქმით, ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობით ჩატარებული სპეცოპერაცია, სადაც მაშინდელმა რეჟიმმა ხელყო ადამიანის სიცოცხლის უფლება.

“იური ვაზაგაშვილის მოთხოვნა, თხოვნა იყო, არის და იქნება ის, რომ მან დაადასტურა საკუთარი შვილის უდანაშაულობა. ფაქტიურად ეს ოჯახი დევნის სუბიექტი იყო წლების განმავლობაში. მისი სურვილი იყო, რომ თავისი შვილის უდანაშაულობა დადასტურებულიყო. მისი სიტყვებია: თუ დამნაშავეა დაიჭირეთ, ახალგაზრდა ადამიანი არ უნდა იყოს ჩაცხრილული ქალაქის ცენტრში. ეს იყო ძირითადი თეზისი, რომლის გამოც წლების განმავლობაში ვიბრძოდით, ვაგროვებდით მტკიცებულებებს, რომლებიც ამტკიცებდა ზურა ვაზაგაშვილის უდანაშაულობას და იქ მყოფ პირთა უდანაშაულობას. ადამიანი ისე ჩაცხრილეს კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომ მისი სახელი და გვარიც არ იცოდნენ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. ზურა ვაზაგაშვილის ბრალეულობაზე კი არ იყო აქ, არამედ სამწუხაროდ ნულოვანი ტოლერანტობის ფორმატში ჩატარებული სპეც ოპერაცია იყო, სადაც გარანტირებული უფლება, სიცოცხლის უფლება ხელყო სახელმწიფოს წარმომადგენელმა,” – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ყოფილი კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე, სახელმწიფოს 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

მსგავსი თემები