ზურაბ დათუნაშვილმა ჯანსაღ გარემოში უნდა შეძლოს მოღვაწეობა – მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ქართველ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია სპორტსმენისგან მოისმინა.  

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტსმენთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა. შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მართვის თვალსაზრისით სიღრმისეული პრობლემა არსებობს, ხოლო დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება არსებული კონფლიქტის კულმინაცია იყო. 

​ყაველაშვილის მოსაზრებით, ჭიდაობის ფედერაციაში ბევრი მიდგომაა შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენმა შეეძლოს სრულყოფილად და მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა.

თავის მხრივ მიხეილ ყაველაშვილი აპირებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია გამოიყენოს და  სამინისტროსთან ერთად ჭიდაობის ფედერაციაში დაიწყოს მოკვლევა, რათა, მისივე თქმით, ზურაბ დათუნაშვილმა ჯანსაღ გარემოში შეძლოს მოღვაწეობა.  

აღსანიშნავია, რომ ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა, ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ზურაბ დათუნაშვილმა, მისი პრობლემით დაინტერესების თხოვნით, რამდენიმე დღის წინ ღია წერილი გაუგზავნა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს. 

როგორც დეპუტატთან შეხვედრის შემდეგ თავად ჩემპიონი აცხადებს, თუ ყველა პრობლემა მოგვარდება, ის საქართველოს სახელით ბრძოლას განაგრძობს.

“ვისაუბრეთ გულწრფელად, მოვუყევი ჩემი და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. დამპირდნენ, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება”, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი. 

ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართაა და რჩევა ჰკითხა: თუ ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე გეგა გეგეშიძე დარჩება, როგორ მოიქცეს: კარიერა დაასრულოს თუ სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზოს.

მსგავსი თემები