სამშობლოსათვის მებრძოლი სამშობლოდაკარგულები – სად მდებარობს ზურაბ ავალიშვილის ქუჩა თბილისში

თბილისში, ​ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს შორის ზურაბ ავალიშვილის ქუჩა მდებარეობს. უბრალოდ დიდებული კი არა ლოგიკურად აწყობილი საზოგადოებაა – ილია ჭავჭავაძე, ზურაბ ავალიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი.

„და თუ ჩვენ გვსურს რომ ვაღიაროთ ამ ადამიანების მნიშვნელობა, ეს ყველა დონეს და შრეს უნდა შეეხოს, მათ შორის სიმბოლურსაც. მათი სახელები იოლად დაუმშვენებენ გვერდს სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი ქართველების სახელებს, რომელთა სახელობის ქუჩებიც გვაქვს“ – ეს გულის გულიდან ამოთქმული, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგის კეკელიძეს ეკუთვნის ადრესატები კი „სამშობლოსთვის მებრძოლი, სამშობლოდაკარგულები“ არიან. – ასე ერქვა გამოფენას, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში 22 მაისს გაიხსნა და რომლის იდეის ავტორიც და განმახორციელებელიც ქართველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ჟანა ქვათაძე და მისი გუნდის წევრები: ეთერ იმნაძე, თამარ ხიზამბარელი და ირმა სისაური არიან. მათ არა მხოლოდ მოიძიეს და მრავალი თვის განმავლობაში იკვლევდნენ, არამედ წარდგენაც განსაკუთრებული შესთავაზეს საზოგადოებას.

ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსის სადარბაზო კიბეზე განლაგებული ექსპოზიცია მართლაც გზის შთაბეჭდილებას ქმნიდა. აქეთ-იქეთ კი ჯარისკაცები „სამშობლოსათვის მებრძოლნი, სამშობლოდაკარგულები“. ექსპოზიციამ და გიორგის ემოციამ თბილისის ქუჩების გზამკვლევთან მიმიყვანა და რამდენიმე მათგანის სახელობის ქუჩაც აღმოვაჩინე. სწორედ იქ გეპატიჟებით.

ვიწყებ ზურაბ ავალიშვილის (იურისტი, დიპლომატი, პოლიტიკოსი, პიბლიცისტი) სახელობის ქუჩით, რომელიც ვაკის რაიონში, ბავშვთა ქალაქ “მზიურთან“ მდებარეობს.

პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1898 წელს დაამთავრა პირველი ხარისხის დიპლომით, სადიპლომო ნაშრომი „საქართველოს შეერთება რუსეთთან“ კი გეორგიევსკის ტრაქტატის სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენდა.

ზურაბ ავალიშვილის მთელი ცხოვრება იმის დასტურია, რომ ეს ნაშრომი, რომელიც 1901 წელს გამოიცა, არანაირად არ იყო ვასალის დითირამბები. სამაგისტრო თემაზე სამუშაოდ 1902-1904 წლებში პარიზში მივლინებული ქართველი, სოციალ – ფედერალისტთა მიერ დაარსებული გაზეთის „საქართველოს“ მომზადებაში იყო აქტიურად ჩართული, 1918 წლიდან კი დამოუკიდებელი საქართველოს ინტერესების დამცველი შინ თუ გარეთ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, თუ ქართული უნივერსიტეტის დაარსება.

სწორედ მისი მოთხოვნით შევიდა გერმანია – რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“; ანტანტის სახელმწიფო უზენაეს საბჭოში შეტანილმა მის მიერ შედგენილმა ნოტამ ფაქტობრივად საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვიტა ბათუმის ოლქის, ყარსის და არდაგანის ბედი – ეს ტერიტორია ინგლის-სომხეთის გეგმის თანახმად სომხეთს უნდა გადასცემოდა შავ ზღვაზე გასასვლელად. შემდეგ…

შემდეგ იყო იძულებითი ემიგრაცია და იქაც ქართული საქმის კეთება. 1944 წელს მიუნხენში გარდაცვლილი „სამშობლოსათვის მებრძოლის“ ნეშტი, 1993 წელს თბილისში გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

ასე რომ, არა მხოლოდ „მზიურთან“ ჩავლისას, ან დიდუბის პანთეონში შევლისას, ბათუმისკენ გეზის აღების წინაც მადლიერებით გაიხსენეთ ზურაბ ავალიშვილი.

ავტორი ნინო გედენიძე

მსგავსი თემები