ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი დედაქალაქის სხვა უბნებშიც გაგრძელდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი, ის სხვა უბნებზეც გავრცელდება. აღნიშნულ საკითხზე, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ავტომანქანების გაჩერება უფასო იქნება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პირველ რიგში, თავიანთი ავტომანქანები სისტემაში უნდა დაარეგისტრირონ. ეს მათ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელადაც. თუმცა, რადგან სიახლეა, საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება დედაქალაქის სხვა უბნებშიც მოხდება.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. შემდეგ, ეტაპობრივად, სხვადასხვა რაიონში, უბანშიც დავიწყებთ. ყველა განვითარებულ ქალაქში მსგავსი მიდგომაა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. გვინდა, რომ განვითარებული ქალაქების საუკეთესო მაგალითები ჩვენს ქალაქშიც გადმოვიტანოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები