ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების 25-წლიანი ვადა იწურება – სალომე ზურაბიშვილის დაპირება ამომრჩეველს 

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არასდროს ყოფილა სახელმწიფო გადატრიალების მომხრე და მაშინაც, როცა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის აქციებში მონაწილეობდა, ამბობდა, რომ ხელისუფლება მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

პრეზიდენტობის კანდიდატი პარალელს ავლებს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მმართველობასთან და ღირსების საქმედ მიაჩნია, გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიების დასრულება.

​როგორც სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სირცხვილია, რომ დღემდე არ არის გამოძიებული, თუ რა გარემოებებში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მოსახლეობას ჰპირდება, რომ არჩევის შემთხვევაში დაასრულებს გამოძიებას, რომელსაც მალე 25 წლიანი ვადა შეუსრულდება.

“უნდა დავასრულოთ გამოძიება. გუშინდელ ჩემს გამოსვლას გამოეხმაურა ოჯახი, რომ დრო იწურება, 25-წლიანი ვადა არის სანამ შეიძლება ეს გამოძიება დასრულდეს, ან გადავადდეს. როგორც კი ამირჩევენ და ფიცს დავდებ, ვნახავ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს დასრულდეს, რადგან ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია, რომ მისი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის პირობები დღემდე არ არის გარკვეული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ ​​ის არის არა მხოლოდ ქართველი და ქართულ კულტურაზე აღზრდილი, ასევე არის ევროპელი, ამიტომ მხოლოდ პატივისცემით შეუძლია მოიხსენიოს საქართველოს პირველი პრეზიდენტი.

„ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, რადგან მე არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ დროს და არც ერთ ადგილას არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე, თუნდაც სააკაშვილის ოპოზიციის დროს, როცა ქუჩაში ვიდექი, სულ ვამბობდი: „არ შეიძლება გადატრიალება, ჩვენ არჩევნების გზით უნდა მოვიპოვოთ ხელისუფლება” და ამ აზრზე ვარ სულ”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად იყრის კენჭს. მის კანდიდატურას მხარს უჭერს მმართველი პარტია “ქართული ოცნება”.

მსგავსი თემები