“ზვიადმა გთხოვათ, მთავრობის სასახლესთან გადმოდით, დარბევაა მოსალოდნელი” – სანდრო ბრეგაძე 9 აპრილზე

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი, პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე, 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებულ 30 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. 

როგორც სანდრო ბრეგაძე აცხადებს, ​1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შიშველი ხელებით მებრძოლმა, არც ერთმა ადამიანმა არ იცოდა რა ელოდათ. თითოეული მათგანი თავს  ქართველთა ლაშქარის წევრად მიიჩნევდა. 

მისივე შეფასებით, 9 აპრილი ერთი დიდი ეპოქა იყო, დიდი ადამიანებით, დიდი მამულიშვილებით და დიდი მიზნებით. 

“1989 წლის 8 აპრილია-უნივერსიტეტის კიბეებზე ვშიმშილობთ-რუსთაველის გამზირიდან ზვიადის და მერაბის გამოგზავნილი კაცი მოდის ჩემთან ამბით, -“ზვიადმა გთხოვათ, დღეს მთავრობის სასახლესთან გადმოხვიდეთ, რადგან ჯარები შემოყვანილია და დარბევაა მოსალოდნელი”. ბიჭებს გადავცემ ზვიადის დანაბარებს. ყველა უსიტყვოდ ემორჩილება და დავიძარით. მიტინგს რომ შევუერთდით, ზვიადმა ტრიბუნასთან მიხმო და მიკროფონი მომაწოდა. ისე ვინერვიულე, აღარც მახსოვს რა ვილაპარაკე.

კინოთეატრს “რუსთაველთან” განვლაგდით. პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ-უნივერსიტეტის სტუდენტებმა. საბჭოთა “სალდატებმა” კინოში შეგვყარეს, არც მუშტები და ხელკეტები დაგვაკლეს. კინოს მეორე გასასვლელიდან გამოვედით. გარეთ მშობლები დავინახე, მე მეძებდნენ. უცებ ყველაფერი კვამლმა დაფარა, შევხედე რომ დედაჩემის წინ რაღაც აფეთქდა. დედა ძლიერ მოიწამლა მომწამვლელი გაზით. დარბევა უკვე ფურცელაძის ქუჩაზეც დაგვიწყეს. არეულობა, ქაოსი, ხელკეტები, ნიჩბები და ასე შემდეგ.

დილით გავიგეთ, რომ მსხვერპლი დიდი იყო. შემდეგ იყო ეროვნული მოძრაობის ხანა: არჩევნებში გამარჯვება, სამხედრო პუტჩი, აფხაზეთის ომი, გაჭირვება, შიმშილი და ასე შემდეგ. თუმცა 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე შიშველი ხელებით მებრძოლმა არც ერთმა ადამიანმა არ ვიცოდით, რა გველოდა წინ, რა ელოდა ჩვენს სამშობლოს.

ჩვენ რომანტიკოსები ვიყავით, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლნი. იმ დღეს გამარჯვებულები ვიყავით, ქართველთა ლაშქარში ვირიცხებოდით და გვჯეროდა, რომ სიმართლე და უფალი ჩვენთან იყო! დიდი ეპოქა იყო, დიდი ადამიანებით, დიდი მამულიშვილებით და დიდი მიზნებით!”, – წერს სანდრო ბგერაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მსგავსი თემები