ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი 50 მ სიგრძის გზაგამტარი, 7კმ-ის გზას შეამოკლებს  

თბილისის შემოგარენში, კერძოდ ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი, 42 მეტრ სიგრძის, 11 მეტრი სიგანისა და 4,5 მეტრ სიმაღლის, გოფრირებული ლითონის კონსტრუქციის სარკინიგზო გზაგამტარი მოეწყობა. გვირაბი რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გაივლის და მასში საავტომობილო გზის ნაწილის სიგანე 7 მეტრი, ტროტუარების კი – ორ-ორ მეტრი იქნება.
​პროექტი, რომელიც დაახლოებით 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება, ითვალისწინებს 300 მეტრის სიგრძის, გზაგამტართან მისასვლელი საავტომობილო გზის რესტავრაციასაც.
ქვემო და ზემო ფონიჭალის დამაკავშირებელი მიწისქვეშა სარკინიგზო გზაგამტარის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის სარესტავრაციო სამუშაოებს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, ამ პროექტზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. თუ მანამდე, შემოვლითი გზით ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ადგილობრივ მოსახლეობას შვიდი კილომეტრიანი გზის გავლა უწევდა, ახლა გზები ერთმანეთს დაახლოებით, 50 მეტრის სიგრძის გვირაბით დაუკავშირდება.
“ჩემი დაპირება იყო, რომ ამ გზას აუცილებლად გავაკეთებდით. სამუშაოები უკვე დაწყებულია და მისი ღირებულება დაახლოებით, 2 300 000 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, ქვემო და ზემო ფონიჭალის დასახლებებს რკინიგზის ხაზი კვეთს, რომლის დამაკავშირებელი უახლოესი წერტილი მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთის ადგილია. აღნიშნულ ორ დასახლებას შორის უმოკლესი საავტომობილო გზის მანძილი შვიდი კილომეტრია. ზემოხსენებული პროექტი კი, რკინიგზას გვირაბის საშუალებით, ლ. ღოღობერიძის ქუჩის მიმდებარედ კვეთს და მანძილს 500 მეტრამდე ამცირებს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს დროსა და ხარჯებს უზოგავს. ასევე, შეამცირებს სატრანსპორტო ნაკადს მარნეულისა და რუსთავის გზატკეცილების გადაკვეთაზე.
მათივე ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებს შპს „სამშენებლო კომპანია მამისონი“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე 2 350 000 ლარი დაიხარჯება.
მშენებლობა მარტში დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

მსგავსი თემები