ზეთი და სპირტი ტკიპების მოსაგუდად – რთული დაავადება, რომელიც 2 კვირაში კლავს

ტკიპა და ტკიპადან ადამიანზე გადაცემული ურთულესი დაავადება ყირიმ-კონგოს ცხელება, საკმაოდ საშიშია. ტკიპა გვხვდება ყველგან, სადაც ბალახი, მწვანე საფარი, მცენარე და შინაური ცხოველებია. ამართლებს თუ არა ზეთი და სპირტი ტკიპასთან გასამკლავებლად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ უპასუხა, რომ არ ამართლებს.

„გეთანხმებით, რომ ადრე, იყო ასეთი ინფორმაცია, რომ ზეთი და სპირტი, მონაცვლეობით უნდა დაასხა ტკიპას. სპირტი მას დაათრობს და ზეთი უჰაერბაში მოახრჩობს. ახალი რეკომენდაციებით, ეს მეთოდები არ ამართლებს. ერთადერთი, რაც ტკიპას მოკვრის შემდგომ უნდა გავაკეთოთ, მისი დამცავი ხელთათმანითა და პინცეტით მოშორებაა. უბრალოდ, ძალიან ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ორკაპით ან პინცენტით, ძაფითაც შეიძლება. პინცეტი ან ორკაპი უნდა შევაცუროთ კანსა და ტკიპას შორის და მოტრიალებით ნელ-ნელა უნდა ვცადოთ ამოღება. კარგი იქნება ლუპის გამოყენება. რაც უფრო ადრე მოვაშორებთ უკეთესია“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

ტკიპა ადამიანის სხეულს რომ მიეკრობა, მისი მოშორება საკმაოდ რთულია. შესაბამისად, როცა ადამიანი ბუნებიდან შინ დაბრუნდება, უნდა მოხდეს მთლიანი სხეულის დათვალიერება. ზოგი ტკიპა დიდია და თვალით ადვილი შესამჩნევია, ზოგი კი წერტილის ზომისაა. თუ ტანზე მწერს შეამჩნევთ, მისი აგლეჯვა არ უნდა სცადოთ, რადგანაც, მთავარი რისკი, რაც ამ შემთხვევაში არსებობს, მისი შეუმჩნეველი საცეცების ადამიანის სხეულში დატოვებაა, რაც სწორედ დაავადების გამომწვევია.

„ასეთ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ თუ მას აქვს რაიმე დაავადება, ის არ მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. თუ სხეულზე იყო ტკიპა დაახლოებით 2-3 კვირა და ამის შემდეგ ადამიანს სიცხემ აუწია, აუცილებლად მიდით ექიმთან და უთხარით რომ ტკიპა იყო. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გამოირიცხოს ის დაავადებები, რაც შეიძლება ტკიპამ გადაიტანოს“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს.

რაც შეეხება ყირიმ-კონგოს ცხელებას, ის რთულია მკურნალობისა და პრევენციის თვალსაზრისით. დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5–6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 14 დღე.

პირველადი სიმპტომები არასპეციფიურია და ზოგჯერ სწრაფად ვითარდება: ცხელება, თავის ტკივილი, მიალგია, ართრალგია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყელის ტკივილი, კონიუნქტივიტი, სიყვითლე, ფოტოფობია, სენსორული და ხასიათის ცვლილება, პეტექიური გამონაყარი, ჰემორაგიული დიათეზი, ეკქიმოზი, სისხლდენა ინექციის ადგილებიდან და მრავალი სხვა წყაროებიდან.

დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში, ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის მე–2 კვირას. არაიმუნურ პირთა ლეტალობა 10– 50%–ს აღწევს.






მსგავსი თემები