ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები ელექტრონული მოწყობილობებით აღიჭურვებიან  

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმა სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. სამსახურის თანამშრომლები აღიჭურვებიან ელექტრონული მოწყობილობებით და ექნებათ სპეციალური ფორმები.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა ძალიან მალე დასრულდება. უკვე შეძენილია საჭირო სატრანსპორტო საშუალებები, საჭირო აღჭურვილობა და ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებს სჭირდებათ.

“ამ ეტაპზე იკერება ფორმები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებისთვის და მომდევნო თვეში, სექტემბრის ბოლოსთვის, უკვე მზად ვართ, დავასრულოთ რეფორმა და საზოგადოებას წარვუდგინოთ განახლებული ზედამხედველობის სამსახური”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

​​ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმით თბილისის მერი კახა კალაძე მას შემდეგ დაინტერესდა, რაც, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მერიის წარმომადგენელი მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტით ქუჩაში ვაჭრობას უკრძალავდა. კალაძე დაინტერესდა არსებობდა თუ არა აღნიშნული ფაქტის ამსახველი ოფიციალური ვიდეო, რადგან, მისივე თქმით, აშკარა იყო, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორი პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა.

“ამ კონკრეტულ ვიდეოში ადამიანი, ვინც იღებდა, საუბრობდა, რომ თითქოს ჩამოვიდა “მარშუტკიდან” და ააცალეს პროდუქტი. სინამდვილეში ეს ადამიანი, რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა იმ კონკრეტულ ადგილზე და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოწვევას ცდილობდა. მოიხსენიებდა უხეში სიტყვებით, აყენებდა შეურაცხყოფას. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პროვოკაცია”, – აცხადებს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, გარევაჭრობის აღკვეთა კანონის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. მერმა ქალაქის რაიონების გამგებლებს დაავალა, კვირაში ერთი დღე, გაიმართოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის ბაზრობები და ამისთვის შეირჩეს სათანადო ადგილები.

“ასეთ ტიპის ბაზრობები ბევრ ქვეყანაში ცივილურად კეთდება, თუ გაქვთ ამის საჭიროება გამოყავით კონკრეტული ადგილი და მივცეთ ამ ადამიანების ეკონომიკური საქმიანობის საშუალება”, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები