ზაქარია ქუცნაშვილმა ლიბანის პარლამენტში სპეციალური მოხსენება წაიკითხა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ლიბანის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და რელიგიური ფუნდამენტალიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მსოფლოში უნდა დამთავრდეს რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი ეთნიკური ნიშნით, თუმცა ეს განსაკუთრებით რთული იქნება იქ, სადაც მცირე ტერიტორიაზე, რამდენიმე რელიგია იყრის თავს, “მაგრამ შეუძლებელი არაფერია. გულწრფელი სურვილის შემთხვევაში – ამისათვის მარტივი ფორმულა არსებობს: ერთმანეთში დავინახოთ საკუთარი თავი და სხვას ვუსურვოთ მხოლოდ ის, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებდით“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ქუცნაშვილის განცხადებით, ორ დიდი სამყაროს – ქრისტიანული და მუსულმანურის მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელია კონსტრუქციული პოლიტიური და რელიგიათაშორისი დიალოგი, რათა მოინახოს ის წერტილი, რაც ორივე რელიგიას აერთიანებს.
“გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა დავეყრდნოთ პირველ და უმთავრეს პრინციპს, რომ ჩვენ საერთო სახლი გვაქვს, – პლანეტა დედამიწა და მისთვის ზიანის მიყენება გაუთავებელი ომებითა და კონფლიქტებით, ისევ ჩვენ გვაზარალებს,“ – აცხადებს იგი.
ბეირუთში, ლიბანის პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს სახელით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლიის საერთაშორისო სამდივნოს წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მონაწილეობს. კონფერენციის თემაა „ერთიანობა მრავალფეროვნებაში და თავისუფლებების ძირითადი პრინციპები ქრისტიანებისა და მუსლიმებისათვის ახლო აღმოსავლეთში“.

მსგავსი თემები