ზამთრის დადგომასთან ერთად ცხოველებისთვის სასიცოცხლო საფრთხე მატულობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, მაშველ შოთა ზანდუკელის განცხადებით, ზამთრის დადგომასთან ერთად, ქალაქში მცხოვრებ შინაურ ცხოველებს ძალიან რთული პერიოდი უდგებათ, მატულობს ხიფათი. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ცხოველების ურთიერთობა.

როგორც შოთა ზანდუკელმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ზამთრის პერიოდში, როცა აცივდება, ცხოველი იწყებს თბილისი ადგილის ძებნას, მათ შორის ხშირად ძვრებიან ავტომობილის ქვეშ ან თავს აფარებენ მრავალსართულიანი შენობების სადარბაზოებს. განსაკუთრებით დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში ცხოველი იწევს ისეთი ადგილისკენ, სადაც ის სითბოს მოიპოვებს. ასეთი ადგილებია, განსაკუთრებით კატებისთვის, ავტომობილის საბურავები და ძრავის ადგილი, სადაც ის, გარკვეული დროის განმავლობაში სითბოს იღებს.

მისივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში 811 ტრამვირებული ცხოველი გადაიყვანეს თავშესაფარში, აქედან 20% -ია ის შემთხვევა, როდესაც ცხოველი ავტომობილის ქვეშ იწვა.

შოთა ზანდუკელი მძღოლებს ურჩევს, სანამ ავტომობილს დავძრავენ, შეამოწმონ. ხომ არ წევს ცხოველი ავტომობილის ქვეშ, ძრავზე ან საბურავზე.

“ჩვენი ექიმები მაქსიმალურად დიდ დახმარებას უწევენ ცხოველს ნებისმიერი ტრავმის შემთხვევაში. რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით ნაკლები შემთხვევა ხდება ცხოველთან უდიერად მოპყრობის ან თუნდაც მსგავსი ფაქტები. არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი თავშესაფრად საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს იყენებს. ამ დროს ხშირია  კონფლიქტი ადამიანსა და ცხოველს შორის. ჩვენი თხოვნა იქნება, ცხოველს სადარბაზოს ტერიტორიაზე თუ ნახავთ, თუ ის აგრესიას არ ამჟღავნებს, გამოიზამთროს იქ. ნუ ეცდებით მის გაგდებას და მისთვის ზიანის მიყენებას. იმ შემთხვევაში თუ ცხოველი დაავადებულია და აგრესიული, საკუთარი მეთოდებით ნუ ეცდებიან მის გაგდებას. დაუკავშირდნენ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ნებისმიერ დროს დავეხმარებით ადამიანს და ცხოველს თავშესაფარში გადავიყვანთ, სადაც მკურნალობა ჩაუტარდება. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ურთიერთობა ჩვენს სამსახურთან”, – აცხადებს შოთა ზანდუკელი.

მსგავსი თემები