ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი რუსთავში გაიმართება

თბილისში, ​ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სასამართლო პროცესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ პოლიციელის ცემისთვის დააკავეს, ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” ავრცელებს.

როგორც ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსთავის სასამართლოში რატომ იმართება პროცესი.

„ან რუსთაველის გამზირს აიგივებენ რუსთავთან ან პროცესის თბილისში ჩატარებით ვითარების გამწვავებას ერიდებიან. სხვა ახსნა, რატომ ტარდება თბილისში მომხდარ ფაქტზე სასამართლო პროცესი რუსთავში, არ არსებობს“, – ამბობს ადვოკატი.

სასამართლო პროცესს სავარაუდოდ, ზაზა სარალიძეც დაესწრება.

შვილმოკლული მამა, რომელიც ხელისუფლებისგან დამნაშავის გამოვლენას და დასჯას ითხოვს, პარლამენტის შენობის წინ 26 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომელს დაესხა თავს. მან სამართალდამცველს თავის არეში ხელკეტი იმის გამო ჩაარტყა, რომ მან, სარალიძის საპროტესტო აქციაზე გაშლილი კარავი დაშალა. შედეგად სარალიძე დააკავეს. პოლიციის თანამშრომელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის ამსახველი ვიდეო ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.

მსგავსი თემები