ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციას კიდევ ერთი შვილმკვდარი მამა უერთდება 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო განწყობას დღეს, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული თორნიკე მერებაშვილის მამა შეუერთდა. შვილმკვდარი მამისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად გორში ზაზა სარალიძე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩავიდნენ.

​როგორც თორნიკე მერებაშვილი მამა აცხადებს, მისი შვილი უბედური შემთხვევის შედეგად არ დაღუპულა, ის მოკლეს და შსს-ს ობიექტური გამოძიებისა და კონკრეტული ბრალდებულის დასახელებისთვის ორკვირიან ვადას აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებით იმუქრება.

„არაერთხელ ვუთხარი შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ობიექტურად ჩაეტარებინათ გამოძიება და ნუ მაიძულებდნენ, ქუჩაში გამოვსულიყავი და ამგვარი ზომებისთვის მიმემართა. თუმცა, როგორც ვხედავთ, მაინც ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი გახდა საჭირო“, – აცხადებს დაღუპულის მამამ, მერაბ მერებაშვილი.

გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ახლობლებმა საპროტესტო აქცია დღეს, გორის ცენტრში გამართეს.  აქციას ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდნენ. ​

„ჩვენი სიამაყეები უკვე მიწაში ლპებიან. ვიდრე დამნაშავეები არ დალპებიან, მანამ აქ ვიდგებით. არ ეგონოთ, რომ რომელიმე წავიქცევით. ჩვენ ყველაფერს მშვიდობიანად ვითხოვთ. კანონს თავად არღვევენ და კიდევ უფრო დაარღვევენ თუ მთელი საქართველო ფეხზე არ დადგება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებულ თორნიკე მერებაშვილს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გზაზე მოძრავი „მერსედესის“ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა და  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

“საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ხორციელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, გამოკითხულია 137 პირი. თ.მ.-ს გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად – კერძოდ, იყო თუ არა პიროვნების სიკვდილი გამოწვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეჯახებით თუ რაიმე სხვა გარემოებით – დანიშნულია ყველა შესაბამისი და კომპლექსური სამედიცინო ექსპერტიზა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები