ზაზა სარალიძეს დააპატიმრებენ თუ არა, მოსამართლე 8 თებერვალს გადაწყვეტს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მომავალ კვირას უნდა გამოაცხადოს. სასამართლო პროცესი 8 თებერვალს გაიმართება.

როგორც სარალიძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, სარალიძე დაზარალებულიდან ბრალდებულად აქციეს.

„საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა. სასამართლო პროცესი დანიშნულია 8 თებერვალს. თუ საქმეს სამართლებრივად შევხედავთ , სასამართლო პროცესი სწორედ შედეგისთვის იმართება. შედეგი არის ის, რომ ზაზა სარალიძეს წარდგენილი აქვს ბრალი. მის მიმართ წარდგენილი ბრალი 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ჩვენ ამ ბრალდებას არ ვეთანხმებით. ვამბობთ და ვამტკიცებთ, რომ მხარე უდანაშაულოა და ეს ერთი ინციდენტი ნამდვილად არ უნდა განვიხილოთ ამოგლეჯილად მაშინ, როცა მთელი სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობდა მიზანმიმართული ქმედებები, რომ დაზარალებული ბრალდებულად ექციათ. ამ საქმეში შეიძლება ვისაუბროთ მოწმეთა მხრიდან ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე“ – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. არც თავად ზაზა სარალიძე და არც მისი ინტერესების დამცველი სასამართლოს მხრიდან ნეგატიურ გადაწყვეტილებას არ გამორიცხავენ.

მსგავსი თემები