“ვურჩევდი ყველას, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე“ – რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი, რუსეთს მოუწოდებს, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს.

ელჩი სხვა დიპლომატებთან ერთად დღეს სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ. საზღვრის გაყვანის პროცესის განახლებით შეწუხებულია.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ღრმად შეწუხებულია იმ ინფორმაციით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ გუგუტიანთკარში განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. ეს მოვლენების ძალიან უარყოფითი განვითარებაა, რომელიც ზიანს აყენებს უსაფრთხოებას რეგიონში, ასევე, მოსახლეობის კეთილდღეობასა და ადამიანებს ერთმანეთისგან აშორებს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ე.წ. ბორდერიზაცია შეწყდეს და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაემორჩილოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, – აღნიშნა რუდმა.

ამერიკელი ელჩი ქართველებს, ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები და ჟენევის ფორმატში მონაწილე პარტნიორები, ყოველდღიურად ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაში, რათა ყველა იმ გამოწვევას გაეცეს პასუხი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთანაა კავშირში, მათ შორის, არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, სოფელ გუგუტიანთკარში. ვურჩევდი ყველას, რომ ერთმანეთის კრიტიკის ნაცვლად, ქართველები გაერთიანდნენ ამ ძალიან რთული პრობლემის წინაშე“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში.

მსგავსი თემები